ნარჩენების მართვა აგროსექტორში

რა სახის ნარჩენებს წარმოქმნის აგროსექტორი?

განვითარებულ ქვეყნებში წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით ორი მესამედი სწორედ აგროსექტორსა და გადამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის.  ამ კატეგორიის ნარჩენებში იგულისხმება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის  შედეგად წარმოქმნილი ისეთი მასალა, რომელიც განადგურებას ან შემდგომ გადამუშავებას საჭიროებს.

ცნობილია, რომ აგროსექტორში წარმოიქმნება ორი ძირითადი კატეგორიის – მემცენარეობისა და მეცხოველეობის ნარჩენი.  მემცნერეობის სფეროში წარმოქმნილ ნარჩენებს მიეკუთვნება მოსავლის ნარჩენები: ჩალა, ნამჯა, ფოთლები, ბიომასის ნაჭარბი-სილოსი;  აგრარულ სექტორში მცენარეული ნარჩენები წარმოიქმნება მარცვლეულის, კარტოფილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი, საკვებად უვარგისი ბიომასისგან. რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის ნარჩენებს, ისინი ძირითადად წარმოიქმნება ნაკელის სახით, ცხოველთა საგების, დაკვლისა და ხორცის გადამუშავების შედეგად.

აგროსექტორში წარმოქმნილი ნარჩენების დიდი ნაწილი მოიცავს მცენარეთა დაცვის ვადაგასულ საშუალებებს (პესტიციდებსა თუ სასუქებს), სათბურის გადასახურად გამოყენებულ სპეციალურ პოლიეთილენის პარკებს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მილებს, აგროტექნიკაში გამოყენებულ ძველ საბურავებსა და სხვადასხვა დანადგარის ნაწილებს, ასევე  დასაქმებულთა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.  სასოფლო-სამეურნეო მინდვრებიდან ჩამდინარე წყლები და შლამი, რომელიც სასუქებითა და პესტიციდებით არის დაბინძურებული, ასევე მიეკუთვნება სასოფლო სამეურნეო ნარჩენების კატეგორიას.

 

რას მოიცავს ნარჩენების შემცირებისთვის გამოსაყენებელი საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა?

  • მცენარეთა დაცვის საშუალებების დოზების, ვადებისა და  გამოყენების წესების დაცვას;
  • მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების წინააღმდეგ მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებას;
  • ჰერბიციდებისა და პესტიციდების ბიოსტიმულატორებით ჩანაცვლებას;
  • ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას: ბუფერული ზონების შექმნა მრავალწლიანი კულტურების მწკრივული გაშენების მეთოდით, გვალვისა და ქარგამძლე ახალი ჰიბრიდული კულტურების დანერგვა;
  • ნაკელის მართვის დანერგვას: შეგროვება, გადამუშავება, შენახვა და გამოყენება ნაკელსაცავების გამოყენებით;
  • ნაკელის ნარჩენებისგან ბიოგაზის მიღებასა და მისი წარმოების შედეგად მიღებული ბიომასის სასუქად გამოყენებას;
  • სათიბ-საძოვრების ინტეგრირებულ მართვას: ძოვების კალენდარული ვადების დაცვა, ნაკვეთმონაცვლეობის პრინციპის დაცვა, საძოვრების გეგმაზომიერად გამოყენება;
  • მეცხოველეობის ბიოლოგიური ნარჩენების სწორ მართვას: ბიოლოგიური ნარჩენების უტილიზაცია, ბიონარჩენების გაუვნებელყოფა, ინფიცირებული ბიონარჩენების დაწვა.

 

რა გამოწვევებია ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების მხრივ?

  • საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი (დაახ. 99,7%) არ გადამუშავდება და მათი განთავსება ხდება ნაგავსაყრელზე;
  • ნარჩენების შეგროვების მომსახურება არ მოიცავს სასოფლო დასახლებებს.  მოსახლეობა იძულებულია, თავად შეარჩიოს ადგილმდებარეობა და გადაყაროს ნარჩენები, რაც სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნას იწვევს;
  • არ არსებობს გამართული სეპარირებული შეგროვების სისტემა – ყველა სახის ნარჩენი მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ხვდება;
  • ნარჩენების სეპარირების მწირი პრაქტიკა და ნარჩენების აღდგენის ობიექტების სიმცირე; 
  • ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და ნარჩენების აღდგენის გაუმჯობესების წამახალისებელი მექანიზმების ნაკლებობა/არარსებობა;
  • ნარჩენების მართვის სფეროში ჩართული მხარეებისა და საზოგადოების ცნობიერების არასაკმარისი დონე.

 

რომელი კანონმდებლობა არეგულირებს ნარჩენების მართვას და რას ავალდებულებს ის ფერმერებს?

საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი  საფუძვლების შექმნის მიზნით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, 2014 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ძალაში 2015 წლის იანვარში შევიდა. მიღებული კოდექსი ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და რეგულაციების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. 

 

ვინ არის ვალდებული აწარმოოს ნარჩენების მართვის გეგმა და რას უნდა მოიცავდეს ის?

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 120 კგ სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც ძირითადად უნდა მოიცავდეს:

ა) წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაციას (კერძოდ, მონაცემებს მათი წარმოშობის, ნარჩენების ნუსხით განსაზღვრული ნარჩენების სახეობების, შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ);
ბ) ნარჩენების, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და ნარჩენების აღდგენისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას;

გ) წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირების მეთოდის, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების მეთოდის აღწერას;

დ) ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს;

ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებულ მეთოდებს ან/და იმ პირის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ნარჩენები შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა.

ნარჩენების მართვის გეგმა წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. დოკუმენტი ახლდება ყოველ 3 წელიწადში ან წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის შეცვლისა და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში.

 

ვის შეიძლება მიმართოს ფერმერმა სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების გადამუშავებისთვის?

  • WMA Georgia/საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია
  • შპს „პოლივიმი“ – პლასმასის გადამუშავება
  • შპს „სანიტარი“ –  ახორციელებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (ტოქსიკური და სახიფათო) ნარჩენების მართვას, აწარმოებს დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდასა და ბიორმედიაციას. 
  • არასამთავრობა ორგანიზაცია CENN-ის მიერ მომზადებული სია, გადამამუშავებელი კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით