Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“არტიზანი” – ახალგაზრდა მეღვინეების წარმოებული პროდუქტი, რომელიც ბელგიაში იყიდება

“არტიზანი” ნატურალური ღვინის მოყვარულების მიერ შექმნილი პროდუქტია. ბაზარზე სულ 2 წლის წინ გამოჩნდნენ, ამ დროის განმავლობაში კი უკვე მოახერხეს ბელგიაში შეღწევა, უახლოეს მომავალში კი ღვინის გაგზავნას დანიასა და ფინეთშიც აპირებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი, არატრადიციული ბაზრების ათვისებაა, თუმცა, მასშტაბურ წარმოებაზე გადასვლა მათს გეგმებში არ შედის. უფრო დეტალურად კომპანიის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე “საქმის კურსს” “არტიზანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ანდრაზაშვილი ესაუბრა: 

– როდის ჩამოყალიბდა კომპანია “არტიზანი” და რა სახეობის ღვინოებს აწარმოებთ? 

– “არტიზანი” დაფუძნდა 2015 წელს. ბაზარზე თავის დამკვიდრება საფერავის მშრალით დავიწყეთ. შარშან კი უკვე “საფერავის როზეც” შევთავაზეთ მომხმარებელს. ღვინოს ვაწარმოებთ საფერავის ყურძნისგან, რომელიც მოწეულია ხაშმში, ყარაბულახის ვენახებში. 

– კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს თუ იბარებთ ყურძენს? 

– “არტიზანის” შექმნის იდეა, დასაწყისშივე, ეფუძნებოდა ჩვენს ფილოსოფიას – ყოველ მოსავალზე მოვიძიოთ ისეთი უნიკალური მიკროზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იდეალურად წარმოვაჩინოთ ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებები. ასევე, ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ყოველწლიურად ახალი ჯიშის, ექსპერიმენტული სახის, ღვინის დამატება. აქედან გამომდინარე, ვენახის ქონა ჩვენს ხედვას არ შეესაბამება და ჩვენს გეგმებში არ შედის. 

– ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით დაინტერესება? 

-“არტიზანი” არის 3 ნატურალური ღვინით დაინტერესებული ადამიანის გაერთიანებით შექმნილი პროდუქტი. ნატურალური ღვინის მიმართ ინტერესი მსოფლიოში (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის, კანადის, ახალი ზელანდიის ა.შ. ბაზრებზე) წლიდან წლამდე იზრდება, ქართული მეღვინეობის პოტენციალი ამ კუთხით კი ძალიან დიდია, რაც ძირითადად ადგილობრივი ჯიშების სიმრავლით და უნიკალურობით არის გამოწვეული. რადგან საქართველოში ძირითადი აქცენტი ღვინის სექტორში მაინც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ბაზრებზე კეთდება, ჩვენს მთავარ მიზნად დავისახეთ, ღვინის ისეთი გზით დამზადება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქართული ღვინის კულტურა მსოფლიოს სხვა ქვეყნებამდეც მივიტანოთ. 

– როგორც ვიცი, ბელგიაში გაგაქვთ პროდუქცია. როგორ შეძელით ამ ბაზარზე გასვლა? სად იყიდება თქვენი პროდუქცია კონკრეტულად? 

– ჩვენი ერთ-ერთი მეღვინე ბელგიაში ცხოვრობს, რამაც საშუალება მოგვცა არტიზანის ღვინის დეგუსტაცია ბრიუსელში დაგვეორგანიზებინა. ამის შემდეგ პირდაპირ მივიღეთ რამდენიმე შეკვეთა, მიგვეწოდებინა ღვინო სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოდან დასავლეთ ევროპაში ღვინის ტრანსპორტირება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული (განსაკუთრებით ჩვენი ზომის წარმოებისთვის), “არტიზანის” ყოველთვიურად მიწოდებას დღემდე ვერ ვახერხებთ. თუმცა, მომავალ წელს ვგეგმავთ როზეს დანიასა და ფინეთში გაგზავნას. 

– როგორია თქვენი გეგმები, რა მასშტაბებზე გსურთ გასვლა და აპირებთ თუ არა კიდევ ბაზრების დივერსიფიკაციას? 

– ვგეგმავთ, წლიდან წლამდე წარმოების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის, გავხდეთ დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანია. “არტიზანის” აქცენტი ყოველთვის იქნება ახალი ჯიშების დამატებაზე, ახალი მიკროზონების აღმოჩენაზე, და დაყენების ტექნოლოგიაში ექსპერიმენტების ჩატარებაზე. რაც შეეხება ექსპორტს, წარმოების მასშტაბის სიმცირიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი სეგმენტი ნატურალური ღვინის მოყვარული, ღვინოში უკვე მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებული მომხმარებელია. შესაბამისად, საექპორტო ქვეყნებში უფრო ბენილუქსის ქვეყნებს, ა.შ.შ.-ს, დიდი ბრიტანეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს მოვიაზრებთ. 

წყარო: BusinessMediaGeorgia