Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოში მევენახეობასა და მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. გარკვეულ რაიონებში მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ძირითად წყაროსაც წარმოადგენს. საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება, რის შედეგად, საშუალოდ 60-70 ათასი ტონა ნარჩენი ჭაჭა გროვდება, რაც ძირითადად, არ გამოიყენება, იყრება და აბინძურებს გარემოს.

ღვინის წარმოების პროცესში დიდი რაოდენობით ნარჩენებიც იწარმოება. არსებობს ნარჩენების განთავსების პრობლემებიც, თუმცა მდგრადობის და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ზრდამ განაპირობა ყურძნის ნარჩენების გამოყენებისადმი ინოვაციური მიდგომების შემუშავება. რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლებელია ნარჩენების სასიკეთოდ გამოყენება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ჯგუფი აქტიურად მუშაობს რათა ფერმერებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა ინოვაციური წამოწყებისა და მიდგომის შესახებ. მით-უმეტეს, როცა საკითხი ეხება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვას, რომელის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე ასოციაცია დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული.

რაც შეეხება მეღვინეობის სექტორის ერთ-ერთ მთავარ ნარჩენს – „ჭაჭას“ რომელიც ყურძნის გადამუშავების შედეგად რჩება და შედგება კლერტის, კანის, წიპწისა და რბილობის ნაშთებისგან.

უნდა ვიცოდეთ, რომ მისი გამოყენება ნიადაგის გასამდიდრებლად საუკეთესო შედეგს იძლევა

  • საკვები ნივთიერებებით მდიდარი ორგანული მასა

ის შეიცავს მცენარეებისთვის მნიშვნელოვან საკვებ ელემენტებს, როგორიცაა აზოტი , ალიუმი, ფოსფორი და სხვადასხვა მიკროელემენტი, ნიადაგში მოხვედრის შემდეგ, ისინი ხელმისაწვდომი ხდება მცენარეებისთვის, ხელს უწყობს ჯანსაღ ზრდას და ამაღლებს მოსავლიანობას.

  • ნიადაგის გაუმჯობესებული სტრუქტურა

ყურძნის კლერტის ბოჭკოვან ბუნებას შეუძლია გააუმჯობესოს ნიადაგის სტრუქტურა. ის ხელს უწყობს ნიადაგის აერაციას, ხდის მას მეტად ფოროვანს და ხელს უწყობს ფესვების ზრდას. რაც  თავის მხრივ, აუმჯობესებს წყლის შეკავებას და ამცირებს ნიადაგის ეროზიის რისკს.

  • გაზრდილი მიკრობული აქტივობა

ყურძნის ჭაჭა ორგანული ნახშირბადის წყაროა და ნიადაგში სასარგებლო მიკროორგანიზმებს წარმოქმნის. ეს მიკროორგანიზმები გადაამუშავებენ ორგანულ ნივთიერებებს, ათავისუფლებენ საკვებ ნივთიერებებს და აუმჯობესებენ ნიადაგის ნაყოფიერებას. ჯანსაღი ნიადაგი კი, თავისთავად ხელს უწყობს მავნე პათოგენების ჩახშობას.

  • pH-ის რეგულირება

ყურძნის ნარჩენები ხელს უწყობს ნიადაგის pH-ის დაბალანსებას, რაც მას უფრო შესაფერისს ხდის კულტურების ფართო სპექტრის მოსაყვანად. სათანადო pH გადამწყვეტია საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობისა და მთლიანად მცენარის ჯანმრთელობისთვის.

ჭაჭის გამოყენების მეთოდები

  • კომპოსტირება

ყურძნის ნარჩენების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის კომპოსტირება. სხვა ორგანულ მასალებთან, როგორიცაა სამზარეულოს ნარჩენები, ბაღის ნარჩენები, ნაკელი, ყურძნის ჭაჭა დროთა განმავლობაში იშლება და წარმოიქმნება საკვები ნივთიერებებით მდიდარი კომპოსტი. მისი გამოყენება შესაძლებელია ნიადაგის სასუქად.

  • მულჩირება

ყურძნის კანი და ღერო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მულჩის ფენა მცენარეების ირგვლივ. ეს არამხოლოდ ინარჩუნებს ნიადაგის ტენიანობას და თრგუნავს სარეველების განვითარებას, არამედ თანდათანობით ათავისუფლებს და მცენარეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის საკვებ ნივთიერებებს, როდესაც მულჩი იშლება.

  • მწვანე სასუქი

კიდევ ერთი ეფექტიანი მეთოდია ყურძნის ნარჩენების შეტანა ნიადაგში მწვანე სასუქის სახით ნათესების დარგვამდე მიწის დამუშავებისას მისი გამდიდრების მიზნით.

რაც შეეხება შედეგსა და სარგებელს, რომელიც ყურძნის ნარჩენების გამოყენებას მოაქვს ნიადაგისთვის:

  • დარგის მდგრადობა

ყურძნის ნარჩენების გადამუშავება ამცირებს ნარჩენებს მეღვინეობაში და ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას.

  • მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება

ყურძნის ნარჩენების გამოყენების შედეგად იზრდება მოსავლიანობა, უმჯობესდება მოსავლის ხარისხი, გემო და მასში საკვები ნივთიერებების შემცველობა.

  • ნიადაგის ეროზიის შემცირება

ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხელს უწყობს ეროზიის თავიდან აცილებას ნიადაგის ზედა ფენის შენარჩუნებითა და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრებით.

  • წარმოების შემცირებული ხარჯები

ყურძნის ნარჩენების გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება სინთეზურ სასუქებსა და ნიადაგის დანამატებზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგავს ფულს.

  • ჯანსაღი ეკოსისტემები

ნიადაგში სასარგებლო მიკროორგანიზმების განვითარება და ქიმიკატების გამოყენების შემცირება ხელს უწყობს ეკოსისტემების გაუმჯობესებას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

დაბოლოს, ყურძნის ნარჩენები ხშირად განიხილება, როგორც მეღვინეობის გვერდითი პროდუქტი. სინამდვილეში, ყურძნის ნარჩენები ღირებული, ხელმისაწვდომი და სასარგებლო რესურსია ყველა ფერმერისთვის.

ბლოგის ავტორი : ალექსანდრე ღამბაშიძე  – უმცროსი აგრონომი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ბლოგი მომზადდა ინიციატივა Global Week to #Act4SDGs “ქართველი ფერმერები პასუხისმგებლიანი წარმოების” ფარგლებში.