მონაცემთა ანალიტიკა და კვლევითი მომსახურება
გულისხმობს როგორც ერთი კონკრეტული საკითხის, მაგალითად, ინფორმაციაზე, ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების, ისე სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესწავლას. საჭიროებების კვლევის სამიზნე ჯგუფი და არეალი დამოკიდებულია კვლევის მასშტაბზე და შეიძლება ჩატარდეს როგორც მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის ან რეგიონის, ასევე ქვეყნის დონეზე.
ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი გულისხმობს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების პროცესის სრულ ანალიზს, რომელიც მოიცავს შემდეგი კომპონენტების დეტალურ აღწერას: წარმოებისთვის საჭირო საწარმოო რესურსები; წარმოება და მოსავლის აღება; მოსავლის დაბინავება და გადამუშავება; საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი ასევე განიხილავს გარე ფაქტორებს, როგორიცაა ზოგადი ბიზნეს გარემო – ეკონომიკური მდგომარეობა, არსებული რეგულაციები და სერვისები.
ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი ითვალისწინებს კონკრეტული პროგრამის, პროექტის, ფერმის მოდელის ეკონომიკური, ტექნიკური და საკანონმდებლო მახასიათებლების შესწავლას, შედარებას და საუკეთესო ალტერნატივის შეთავაზებას. კვლევის შედეგები ეკონომიკურად ინფორმირებული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.
რეგულირების გავლენის შეფასება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის დარგისთვის საინტერესო საკითხის, საკანონმდებლო ცვლილების კონტექსტის აღწერას, საბაზისო სცენარის და შეთავაზებული ცვლილების განხილვას. შეფასების პროცესი მოიცავს ცვლილებასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისა და სარგებლის განსაზღვრას, ზემოქმედების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას და ამის საფუძველზე საუკეთესო სცენარის შეთავაზებას.
ბაზრის კვლევა გულისხმობს სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგის მიმოხილვას და არსებული ბიზნეს გარემოს შესწავლას, როგორიცაა ბაზრის მოცულობა და ტენდენციები, ექსპორტი და იმპორტი, ბაზრის სასიცოცხლო ციკლი და მარკეტინგული არხები. ბაზრის კვლევა ასევე მოიცავს მომხმარებლების ქცევის შესწავლას, მათ საჭიროებებსა და მოლოდინებს. იგი ასევე სწავლობს კონკურენტების პროფილს, შეთავაზებულ პროდუქტსა და მომსახურებას, ბაზრის წილებსა და ფასწარმოქმნის პოლიტიკას.
ინვესტიციის განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასება გულისხმობს სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ბიზნეს გეგმის მომზადებას. ბიზნეს იდეის და მასთან დაკავშირებული ხარჯებისა და შემოსავლების საფუძველზე მიღებული ფინანსური მაჩვენებლები და მათი ცვლილების პროგნოზი, იძლევა იმის საშუალებას, რომ შევაფასოთ ინვესტიციის განხორციელების მიზანშეწონილობა.
ბიზნეს გეგმა მოიცავს სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ როგორც ბაზრის კვლევას, ისე ინვესტიციის მიზანშეწონილობის შეფასებას. მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია: ბიზნეს იდეა, პროდუქტის და მომსახურების აღწერა, ფასწარმოქმნის პოლიტიკა, გასაღების ბაზრების ანალიზი, სამიზნე სეგმენტის დახასიათება, სარეალიზაციო არხების და დისტრიბუციის საშუალებების აღწერა, წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის და მომწოდებლების დახასიათება. აღნიშნული ინფორმაციის გთვალისწინებით შემუშავდება საინვესტიციო და ფინანსური გეგმა, რომელიც გულისხმობს პროექტის ჯამური ღირებულების განსაზღვრას და ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშებას.
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი გულისხმობს როგორც პროექტის, ისე ფერმის მოწყობის არსებული და შესაძლო მიდგომების ხარჯებისა და სარგებლის შეფასებას. ანალიზის შედეგად, შეფასდება არსებული და ალტერნატიული მოდელების მომგებიანობის მაჩვენებლები, წარმოდგენილი იქნება წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV), შიდა უკუგების დონე (IRR), ხარჯ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (B/C). ასევე ანალიზი მოიცავს მომდევნო წლების პროგნოზს.

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად
- +995 32 2 193 003
- info@gfa.org.ge