2017 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს, – ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებზე ’’საქმის კურსთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.
– იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ღვინის ექსპორტი გაზრდილია გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის მიმართულებით, რისი დამსახურებაა აღნიშნული შედეგები?
– ზოგადად ტენდენციები ძალიან კარგია, ზრდა ყველა მიმართულებით გვაქვს, მათ შორის, აზიის ბაზრებზეც მაგალითად, ჩინეთში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და დასავლეთის ბაზრები, რომლებიც უფრო რთული ბაზრებია ვითარდება და იზრდება. შესაძლებელია ჯერ საფრანგეთსა და გერმანიაში ქართული ღვინო დიდი რაოდენობით არ გადის, მაგრამ ტენდენცია ცალსახად ჩანს. აშშ-ში გაორმაგებულია ექსპორტი, გერმანია და აშშ ათეულში შედიან, ასევე საფრანგეთში 5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. ბალტიის ქვეყნებს თუ ავიღებთ პოლონეთთან ერთად ასევე ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს. აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია დარგმა შეთანხმებულად იმუშაოს – კერძო სექტორმა ღვინის ეროვნულ სააგენტომსთან ერთად, ყველამ უნდა დავგეგმოთ და ამ გეგმას მივყვეთ. ჩვენ ასეც ვაკეთებთ კიდეც.
– რეალურად შესაძლებელია, რომ წელს რაოდენობრივად ღვინის რეკორდული მოცულობა გავიდეს ექსპორტზე?
– კი, საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ ამ რაოდენობის ღვინო ქვეყნიდან არ გასულა.
–საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა ’’საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ დასრულდა, როგორ ჩაიარა გამოფენამ?
– მნიშვნელოვანი წელი იყო და ბორდის გამოფენა აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდა. ყველაზე მნიშვნელოვან ღვინის მუზეუმში პირველი მოწვეული ქვეყანა საქართველო იყო. სწორედ ჩვენმა ქვეყანამ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იყო, რაც ადვილი არ ყოფილა. ამისთვის დარგმა ძალიან ბევრი იმუშავა, კერძო სექტორი აქტიურად იყო ჩართული და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქპატენტთან თანამშრომლობით მივაღწიეთ ამას, ასევე სამინისტროებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. ძალიან კარგი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოჩენილი იყო ჩვენი მეღვინოების უძველესი და ძალიან მდიდარი კულტურა.
– აღნიშნული გამოფენიდან კონკრეტული შედეგების მიღებას თუ ელოდებით?
– ეს გამოფენა ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებით დასავლეთის ბაზრებზე იქ, სადაც ქართული მეღვინეობის შესახებ ძალიან მწირი ინფომაცია ქონდათ. ათი ათასობით დამთვალიერებელი გაეცნო ქართულ ღვინოს და კულტურას. აღნიშნულ ღვინის მუზეუმში მთელი მსოფლიოდან ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები დადიან. ყველა ხედავდა იმ სლოგანს რომელიც სულ ტრიალებდა – ’’საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ და ’’8000 მოსავლის წელი“. ეს ჩვენი ძირითადი სლოგანებია, რომლითაც საქართველო გაოირჩევა. შედეგები კი, რაც ამ გამოფენას მოყვება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. კერძო კომპანიები გამოფენაში, რა თქმა უნდა, ჩართულები იყვნენ.
– რთველი 2017 წლის შედეგებზე რას გვეტყვით, პროცესმა როგორ ჩაიარა?
– მოსავალი კარგი იყო, რაოდენობრივად გასულ წელს გაასწრო. ხარისხობრივადაც ძალიან კარგი წელი იყო. 2017 გამორჩეული წელი იქნება. რთველი ფაქტობრივად ყველგან დასრულდა, შესაძლოა ერთეული შემთხვევები იყოს დარჩენილი. 127 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა ქვეყანაში. რთველი გამორჩეული იყო, რადგან ზოგადად ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია ქართული ღვინის პრომოცია, ექსპორტის ხელშეწყობა გავლენას ახდენს რთველზეც, მევენახეების შემოსავალზეც. მიმდინარე წელს სახელმწიფოს ფაქტობრივად არ დასჭირდა რთველის პროცესებში ჩარევა. ყურძენი დაბინავდა კერძო სექტორის მიერ. ვფიქრობ, რომ ყველა კმაყოფილი იყო – კერძო სექტორიც, მევენახეებიც და ასევე მომხმარებელიც ძალიან კმაყოფილი იქნება.
წყარო:bm.ge