Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“როცა გვაქვს ადგილობრივი, ჯანმრთელი ხორბალი, რატომ უნდა ვიყიდოთ სხვისი პური?”

29 წლის ნოდარ ლატიბაშვილის მოსმენისას აუცილებლად გაიფიქრებ, შესაძლებლობების სწორად გამოყენება რომ ვიცოდეთ, ფეხზე ყველანი დავდგებითო. 
ნოდარ ლატიბაშვილმა კი ეს შესაძლებლობები გამოიყენა და წარმატებაც მალე მოვიდა. თანაც მიწაზე შრომისას, რომელსაც ბევრი ემდურის, – მიწა ხშირად გვღალატობსო. 

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ფერმერმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ასეთი რამ დაწერა: “ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილო წითელი დოლის (ქართული ხორბლის ჯიში) ფქვილი. წისქვილისთვის ეს ცოტაა და ამიტომ 400 კილო დავფქვი, ვიფიქრე, ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-მეთქი. “ფეისბუქზე” დავდე პოსტი. ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა. შეკვეთებიც მივიღე, ისე, რომ შეიძლება შემდეგში დასაფქვავიც აღარაფერი იყოს, თუ ასე გაგრძელდა”.

ამის შემდეგ ნოდარს ჩვენც გამოვეხმაურეთ.

ნოდარ ლატიბაშვილი– ბავშვობა ყვარელში მაქვს გატარებული, მერე თბილისში გადმოვსახლდით. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. ერთხანს აგროდაზღვევის კომპანიაში ვიმუშავე. აქ მივხვდი, რომ ბევრი შეცდომა მოგვდის მიწაზე შრომისას. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ მიწის მოვლა-პატრონობით ბევრს მოიგებ. თბილისიდან ხშირად დავდიოდი ყვარელში, გზადაგზა ვხედავდი გაველურებულ, დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთებს. ვიფიქრე, ასეთ მიწას ვიყიდი ბიოწარმოებისთვის, მით უფრო, რომ აქ წლების წინათ შეტანილი ქიმიური სასუქის კვალიც აღარ იქნება-მეთქი. 
მიწის დამუშავების ახალ ტექნოლოგიებს გავეცანი. მხოლოდ საკუთარი დანაზოგით ვიყიდე საგარეჯოს ახლოს 6 ჰექტარი მიწა, სადაც ნახევარ ჰექტარზე ვაზიც იყო შემორჩენილი, მიწას მივხედე, ვაზიც ფეხზე დავაყენე. ვენახი პირველ ეტაპზე შემეშველება, სულ მალე ახალი ზვრის ჩაყრას ვაპირებ. Dდანარჩენზე, 2-2 ჰექტარზე, წლეულს პირველად შვრია და ჩვენი, წითელი დოლის ჯიშის ხორბალი დავთესე. 
– ბევრი ამბობსძველი ქართული ხორბლის ჯიშები აღარ ითესება და ჩვენივე პურით ვეღარ ვირჩენთ თავსო.
– მისი მოყვანა ჩემთვისაც პრესტიჟია, – როცა გვაქვს ადგილობრივი, ჯანმრთელი ხორბალი, რატომ უნდა ვიყიდოთ სხვისი პური? Uუპირველესად, ეს ჯიში ოჯახში მოსახმარებლად დავთესე. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დოლის პური გემრიელიცაა და არ შეიცავს ალერგიის გამომწვევ არანაირ ნივთიერებას. მისი დათესვა ღირდა, თუმცა ეს ჯიში დიდად მოსავლიანი არ არის.
– თქვენ რამდენი მიიღეთ?– საშემოდგომოდ 500 კილოგრამი ხორბალი დავთესე, 2,5 ტონა მარცვალი მოვიწიე. შეიძლებოდა 5 ტონამდე მომეყვანა, თუ ქიმიური სასუქებით გავანოყიერებდი ნიადაგს. მე კი მხოლოდ ბუნებრივი მოვიხმარე. სარეველებთანაც არ მიბრძოლია. ბევრიც არ ყოფილა. ამას რომ ვამბობ, არ მიჯერებენ, არადა, მიწა ნასვენი იყო და სარეველას ხორბალმა აჯობა. ასე გაგრძელდება 4 წელიწადს. ახლა ხორბალი სხვა ნაკვეთზე უნდა დავთესო, მის ადგილას კი სხვა რომელიმე კულტურა, რომელიც ახალი ძალით შეებრძოლება სარეველას. 

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”