წარმოებულია ქალების მიერ

“წარმოებულია ქალების მიერ”  წარმოგიდგენთ ქალი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას. აქვე ვეცადეთ მათი ისტორიაც მოკლედ გაგვეცნო  თქვენთვის: როგორ დაიწყეს, რა შექმნეს, რა გეგმები აქვთ. ქალებს თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ იყვნენ უფრო გაბედულები, კრეატიულები და მეტად აქტიური როლის შემსრულებელი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში.

ირმა ჩხაიძე

ირმა გურიის პატარა სოფელ ფარცხმაში პურს აცხობს. მისი პური ჩოხატაურსა და ოზურგეთში იყიდება და ყველა იცნობს როგორც ირმას პურს. ბიზნესს თვითონ მართავს, დაქირავებული ყავს 2 ქალი, ხოლო მეუღლე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს ოჯახურ ბიზნესს. სააღდგომოდ და საშობაოდ პურს ფუნთუშეულსაც ამატებენ და ამით გაყიდვებს შესამჩნევად ზრდიან.

ლელა ხმელიძე

ლელა საოჯახო სასტუმროს უძღვება ლეჩხუმში, სოფ. ქორენიშში. სოფელი ბუნების სამრეკლოს გავს, მაღლიდან გადმოსცქერის ლეჩხუმს. ლელა 2017 წლიდან მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტებს, საქმიანობაშ ჩართული არიან ოჯახის წევრები და დასაქმებული ადამიანები -- უზრუნველყოფენ სტუმრების კვებას, უსაფრთხო გადაადგილებას ლეჩხუმის ულამაზესი ადგილების მოსანახულებლად. ლელას მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ნატურალური საკვებით სტუმრების უზრუნველყოფა.

ნათია ჩახუნაშვილი

ნათიას „თეთრი სახლის ბურგერი“ უგემრიელეს ბურგერებს ამზადებს. მისი თანამშრომლები ხელით ამზადებენ თითოეულ შეკვეთას და ალბათ, ამიტომაა ყველაფერი ასე გემრიელი. ნათიას ბიზნესი არც დიდი ხნისაა და არც დიდია, თუმცა უკვე მოახერხა მუდმივი მომხმარებლის გულის მოგება.