ნინო ზამბახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდა

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრისას ფერმერულ მეურნეობებში არსებულ გამოწვევებზე გეგმავს საუბარს.
როგორც ზამბახიძემ ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებისა და მინისტრის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის ასევე დაინტერესდება ყველა იმ საკითხით, რაც მიკრო და მცირე მეწარმეებს აინტერესებთ.
“მე ვისაუბრებ იმ გამოწვევებზე, რაც ფერმერულ მეურნეობებში დგას. ეს არის დაკავშირებული რეგიონებში არსებულ მიწებზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე, თუ როგორ შეიძლება მათი ჩართვა ეკონომიკაში. ასევე დავსვამ კითხვას მიკრო და მცირე მეწარმეობაზე, რაც ჩვენთვის და ჩვენი მეწარმეებისთვის არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იქნება მოვისმინოთ, თუ რა ხედვა აქვს მინისტრს მიწებთან მიმართებაში, რადგან ბევრი გამოწვევა არსებობს ამ საკითხზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხედვის მოსმენა, თუ როგორ აპირებს ეკონომიკის განვითარებას. მაინტერესებს მისი გეგმები იმ საკითხზე, რაც უკვე დააანონსა, აგროპოლისებთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა ამაში. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ რა მიმართულება უნდა აიღოს ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.