ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს ღვინის დეალკოჰოლიზება, ანუ უალკოჰოლო ღვინის წარმოება. სამეცნიერო ლიტერატურაში თანდათან იმატა კვლევებმა, რომლებიც უკავშირდება უალკოჰოლო ღვინის სასარგებლო თვისებებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრში უკვე ჩატარდა კვლევები, რომელთა თანახმადაც, ღვინოში ალკოჰოლის მოცილების შედეგად ფენოლური ნაერთების ჟანგვის საწინააღმდეგო პოტენციალი მნიშვნელოვნად მატულობს. დამცავი ფუნქცია განსაკუთრებით გააჩნია წითელ ღვინოს, ანტოციანების შემცველობის გამო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში წითელი ღვინის დეალკოჰოლირება თავისუფლად შეიძლება და მისი მარგებელი თვისებებიც შენარჩუნდება.
ამჟამად, ჯანსაღი კვების მიმართ მისწრაფება თანდათან იკრებს ძალას. მნიშვნელოვნად შეიცვალა კვებითი ინდუსტრიის ორიენტაცია – ეს არის ფუნქციონალური კვება, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. მიზანი – დეალკოჰოლიზებული ღვინისა და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ხილის გამოყენებით, შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავების საფუძველზე დაბალკალორიული, საჭირო ნივთიერებებით ბალანსირებული პროდუქტების მიღებაა. აღნიშნულის საფუძველზე მათ ექნებათ როგორც კვებითი, ასევე პროფილაქტიკური და დიეტური დანიშნულება ქრონიკული დაავადებების მიმართ.
სასმელი გამოირჩევა ფენოლური ნაერთების, განსაკუთრებით კი ანტოციანების შემცველობით, რაც განაპირობებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას. გარკვეული რაოდენობით არის წარმოდგენილი მაკრო და მიკრო ელემენტებიც. სასმელის ტკბილ და სასიამოვნო გემოს განაპირობებს სტევიოზიდი. იგი ამავე დროს არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, გააჩნია ინსულინოტროპული და ანტიჰიპერგლიკემური მოქმედება.
სასმელი გამოიყენება ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს გამოირჩევა კარგი სენსორული თვისებებით.
წყარო: commersant.ge