“პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგჭირდება ექიმი, იურისტი, პოლიციელი და მღვდელი; მაგრამ ყოველ დღე, დღეში 3-ჯერ, შენ გჭირდება ფერმერი“- ბრენდა შოპი (2012), კანადელი ფერმერი, ავტორი, მენტორი და შთამაგონებელი სპიკერი.
ავტორები: თეკლა გურგენიძე, რატი კოჭლამაზაშვილი.
გლობალურმა გამოწვევამ – Covid-19-მა მთელი მსოფლიო მოიცვა და გააერთიანა მის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნები, საერთო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რამდენადაც ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური -სიცოცხლის უფლება (ყველაზე ძირეული უფლება, ჯონ ლოკი) და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგა.
კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის სექტორის შემდეგ, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს, ფერმერის როლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ისინი იმ მნიშვნელოვანი დოვლათის შემქნელები არიან, რომელზეც დამოკიდებულია სასურსათო უსაფრთხოების საკითხი – ქვეყანაში მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისი სურსათის არსებობა.
ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსის აბრაჰამ ჰაროლდ მასლოუს ,,მოთხოვნილებათა იერარქიული პირამიდის’’ თეორიის თანახმად, ადამიანთა პიროვნული განვითარება ძირეულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით იწყება. მასლოუს პირამიდა ხუთსაფეხურიანია, პირველ ორ საფეხურს ფილოსოფოსი პირველად, უმთავრეს მოთხოვნილებებს უწოდებს, ხოლო დანარჩენი მოთხოვნილებები შეძენელი სახისაა. იერარქიული პირამიდის პირველ საფეხურად მასლოუ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ასახელებს, როგორებიცაა: შიმშილი და წყურვილი (Maslow, 1943). ეს თეორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როდესაც არსებობს საფრთხე და ამ საფრთხეს ახლა კორონავირუსი ჰქვია, იმისა რომ ადამიანი ვერ შეძლებს უპირველესი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, სხვა ყველაფერი ასეთ დროს მეორეხარისხოვანი ხდება. ამ ბრძოლაში ფერმერები ფრონტის წინა ხაზზე დგანან, სწორედ მათზეა დამოკიდებული ათასობით ადამიანის გამოკვებისა და, შესაბამისად, სიცოცხლის უზრუნველყოფა.
ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის დახმარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა არაერთი ახალი ინიციატივა, პორტალი, ვებგვერდი – ასეთი ტიპის პლატფორმებზე თავმოყრილი ინფორმაციით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ოპერატიულად მიიღონ საჭირო ინფორმაცია. როგორც წესი, კრიზისის მართვაში ოპერატიულ, სანდო ინფორმაციას ხშირად გადამწვეტი როლი ენიჭება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებისათვის არსებული ნებისმიერის სახის პრობლემა (გადაადგილების, პროდუქტის გასაღების და ა.შ.) დროულად აღმოიფხვრას.
სახელმწიფოს მთავრობებთან ერთად, ფერმერთა გაერთიანებებს (ასოციაციებს) ამ გამოწვევების გასამკლავებლად განსაკუთრებული როლი ენიჭება. ამ პროცესებს არც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ჩამორჩა და მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ:
- იმისათვის, რათა ფერმერთა წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები დროულად შეფასებულოყო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა. ანალიზში ნაჩვენებია როგორც საქართველოს სასურსათო სექტორის მოწყვლადობა, ასევე ფერმერული მეურნეობების ძირითადი პრობლემები, რომლებიც კორონავირუსის ფონზე კიდევ უფრო გართულდა. ასევე, კვლევა იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ როგორც კრიზისის პერიოდში, ასევე პოსტ-კრიზისულ პერიოდში, რათა ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვითარდეს და გაიზარდოს სასურსათო უსაფრთხოება. შედეგად საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით GFA-ს რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული.
- საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ხშირად დასმული კითხვები (FAQ), რომელიც იმ ძირითად კითხვებს პასუხობდა, რომლებიც ფერმერებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.
- როგორც ქოლგა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობის ბევრ სექტორულ ასოციაციას, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გამოვიდა ინიციატივით და პარტნიორ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს მთავრობისადმი მიმართვა ფერმერებისთვის გადაადგილების შეზღუდვების შერბილებასთან ან სულაც მოხსნასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვები შერბილდა, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები ფერმერთათვის საშვებს სწრაფი ტემპით გაცემენ, რათა მათ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ბიზნესომბუდსმენის დახმარებით, ბევრ ფერმერს დაეხმარა, რათა გადაადგილების საშვი მათზე დროულად გაცემულიყო.
- რადგან მიმდინარე კრიზისის ფონზე პროდუქციის რეალიზაცია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთი მხრივ, დაიწყო მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან და სარეალიზაციო ქსელებთან, მეორე მხრივ, კი სპეციალური ონლაინ-კითხვარის საშუალებით აგროვებს მონაცემებს ყველა იმ ფერმერზე, რომლებსაც გასაღების პრობლემა აქვთ (იხილეთ კითხვარის ბმული). ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, უკვე იდენტიფიცირებულია 100-მდე ფერმერი, რომელთა შესახებ მონაცემები გადაცემულია იმ სადისტრიბუციო კომპანიებისა და სარეალიზაციო ქსელებისთვის, რომლებიც მზად არიან შეიძინონ ფერმერების პროდუქცია.
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ატარებს და მონაწილეობს სხვადასხვა ვებინარებში, რათა ფერმერებს დისტანციურად მიაწოდოს მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია.
- საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ, თავის მეგობრებთან ერთად ჯერ კიდევ 16 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ჩამოაყალიბა დახმარების პლატფორმა „ერთიანობა“, რომლის მიზანიც გახლავთ ყველაზე უფრო მოწყვლადი და გაჭირვებული ადამიანების დახმარება – უმეტესად, მათი უფასოდ მომარაგება სურსათით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდი, ისევე როგორც მისი პარტნიორი ონლაინ-მაღაზია ge აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნული დახმარების კამპანიაში და ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ პროდუქციით ამარაგებენ ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს. შედეგად, 4 მაისის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 1200 მოხალისე და დახმარება უკვე გაეწია 2780 ადამიანს;
ამასთანავე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქვეყნებს ბლოგებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე, რათა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ფერმერებსა და საქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ყველა მხარეს. ყველა ეს ქმედება ემსახურება ფერმერთა დახმარებასა და ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის სურსათით უწყვეტი უზრუნველყოფის მხარდაჭერას.