სამეგრელოში წარმოებული გამომშრალი ხილი ჰოლანდიასა და ამერიკაში გაიყიდება. ქვეყნებს პროდუქციას კომპანია “გემუანი” მიაწვდის, რომელმაც ფუნქციონირება წელს გაზაფხულზე დაიწყო.
“გემუანის” პროექტების მენეჯერი ზაზა ყურაშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ პროდუქცია ნიუ-იორკში და ამსტერდამში უახლოეს 10 დღეში გაიგზავნება.
მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე საუბარია მცირე რაოდენობებზე, სამომავლოდ კი ექსპორტის გაზრდა იგეგმება, მათ შორის ნიუ-იორკში გაგზავნილი საქონელი 11 შტატში გადანაწილდება.
“გემუანში” აცხადებენ, რომ დაინტერესება არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში კომპანია სუბლიმირებულ ხილს აწარმოებს.
“სუბლიმირებული ხილი სრულად ინარჩუნებს ვიტამინებს და მინერალებს. ინარჩუნებს ფორმას, ფერს, არომატს. არის ხრაშუნა, არის აბოსლუტურად უსაფრთხო. ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე მიკრობიოლოგიური დაბინძურების შანსი არ არსებობს. რადგან პროდუქტში წყალი არ არის, მასში ვერ ვითარდება ვერც სოკო, ვერც ვირუსი და ვერც სხვა ბაქტერია. შენახვის ვადა აქვს ხანგრძლივი, არის მსუბუქი და გადასატანად მარტივია”,- აცხადებს კომპანიის პროექტების მენეჯერი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის პროდუქცია რამდენიმე ობიექტში, მათ შორის „აგროჰაბში“, ერთ კვირაში გამოჩნდება. ამ ეტაპზე კომპანია 12 სახეობის გამომშრალ ხილს აწარმოებს: ვაშლი, ნესვი, მარწყვი ჟოლო, გარგარი, ატამი, ტყემალი, ფორთოხალი და სხვა.
კომპანია ხილს მთელი საქართველოს მასშტაბით სეზონურად იბარებს. „გემუანში“ მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დამატებით 25 პირი.
კომპანია, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
წყარო:bm.ge