Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სათათბირო და ახალი პროექტები ფერმერებისთვის

სასტუმრო “Holiday Inn”-ში საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნებისა და სათათბიროს შემადგენლობის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. 

ფერმერთა სათათბირო 2017 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით აქტივობების განხორციელებას. ფერმერთა სათათბიროში ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან რეგიონული წარმომადგენლობების დონეზე და საქმიანობის სფეროების მიხედვით 120 ფერმერი იქნება წარმოდგენილი. ახალი საკონსულტაციო ორგანო, სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული და აქტიურად შეუწყობს ხელს ფერმერთა საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების განხორციელებას. სათათბიროს ფორმირება მოხდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქეა – საერთაშორისო კავკასიაში“ მიერ განხორციელებული ENPARD-ის პროექტის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, და ასევე ორგანიზაცია „ოქსფამის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. 

შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტები წარმოადგინა: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და წიგნი „გზა ფერმერობისკენ“. 

საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია 2016 წელს შეიქმნა და მომარაგების დახვეწილი, მარტივი და უწყვეტი ჯაჭვის შექმნას ემსახურება. კომპანიის ამოცანაა ადგილობრივი ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერება და იმპორტული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება. 

აგრონავტი არის მობილური აპლიკაცია, რომელიც 2017 წელს, ადგილობრივ ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რაც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების, ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს. 

წიგნი „გზა ფერმერობისკენ“ 2017 წელს, ფონდ “კონსტანტა”-ს თანადგომით გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული 60-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით (9 რეგიონი, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ). 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონ ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი გახარია, ევროკავშირის (EU), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა საქართველოში” წარმომადგენლები, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს, პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი მხარეების წარმომადგენლები. 

ინფორმაცია დონორისა და პარტნიორების შესახებ: 

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge 

Care International: ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.care-caucasus.org.ge 

Oxfam: მსოფლიო მასშტაბით მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ოქსფამი დახმარებას უწევს დაუცველ ადამიანებს და თემებს მთელ რეგიონში საკვებით უზრუნველყოფილი მომავლის მშენებლობაში კლიმატის ცვლილების პირობებში. ოქსფამი ეხმარება საქართველოში წვრილ ფერმერებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში, საკმარისი საკვების მოპოვებასა და საკმარისი შემოსავლის მიღებაში. ოქსფამი ეხმარება ადგილობრივ თემებს საკუთარი მთავრობებისგან მოითხოვონ ანგარიშვალდებულება და ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად მომსახურებებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ Oxfam-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.oxfam.org 

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge

წყარო: BusinessMediaGeorgia