Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაზე

რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაზე

კლიმატის ცვლილება ატმოსფეროში სათბურის აირების მაღალი კონცენტრაციითაა გამოწვეული. ის უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობის სექტორზე, რომელიც, თავის მხრივაც კლიმატის ცვლილებების წყაროა. მაგალითად, საქართველოში სათბური აირების გამოყოფის მხრივ მეხუთედი (19%) სწორედ აღნიშნულ სექტორზე მოდის. კერძოდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არასასურველი შედეგები შემდეგნაირად აისახება სოფლის მეურნეობაზე:

  • სტიქიური მოვლენები ხდება უფრო ხშირი და დამანგრეველი (ყინვები, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა);
  • იზრდება საშუალო ტემპერატურა;
  • მცირდება ნალექების რაოდენობა;
  • იზრდება ხანძრების სიხშირე;
  • მცირდება მყინვარების ფართობი და შესაბამისად წყლის მარაგები;
  • ვრცელდება უცხო ინვაზიური მავნებელ-დაავადებები და სარეველები;
  • დეგრადირდება მიწები და მიმდინარეობს გაუდაბნოება;
  • მცირდება პროდუქტიულობა, რაც იწვევს სასურსათო უსაფრთხოების რისკებს.

რა გამოწვევები დგას ფერმერების წინაშე და როგორია გამოსავალი?

საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ფერმერები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევის წინაშე დგანან. განსაკუთრებით საყურადღებოა წყალზე ხელმისაწვდომობა და თანამედროვე, რესურსდამზოგავი და ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა წვეთოვანი და დაწვიმების სისტემების სტემები. ასევე აუცილებელია, ფერმერებმა გამოიყენონ კლიმატ-გონივრული მეთოდები:

  • მოსავლის ინტეგრირებული დაცვა, რაც მავნებელ-დაავადებებთან მრავალმხრივ ბრძოლას გულისხმობს; 
  • გარემო პირობებისადმი შეგუებული ჯიშებისა და სახეობების მოყვანა;
  • ნიადაგის ორგანული ნივთიერებებისთ გამდიდრება;
  • ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა;
  • აგრობიომრავალფეროვნების გაზრდა და ბუნებრივი მიდგომების გამოყენება;
  • ეკო/აგროტურიზმის განვითარება;
  • სოფლის მეურნეობაში კონვერსაციული მიდგომების გამოყენება: ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება, მულჩირება, თესლბრუნვა.
  • ფერმებში აგრომეტეოლოგიური პროდუქტების პოპულარიზება (აგრომეტეოროლოგიური სადგურები, სატელიტური დაკვირვება; სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობისა და აპლიკაციის გამოყენება გარემო პირობებზე დასაკვირვებლად) ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

რომელია ყველაზე პრობლემური რეგიონი?

კახეთში კლიმატის ცვლილებები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია არამარტო სეტყვის გამო, რომელიც ფერმერებს მოსავალს უნადგურებს, არამედ მიწის დეგრადაციის კუთხითაც. კახეთის ტერიტორიის 22% დამლაშებულ ნიადაგებს უკავია, ხოლო მიწის დეგრადაცია და გაუდაბნოება სულ უფრო მწვავდება ქარსაფარი ზოლების ფაქტიურად არარსებობის პირობებში. განსაკუთრებით პრობლემურია საგარეჯოს,  სიღნაღის, წნორისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები.

პირველ რიგში, აუცილებელია კლიმატის ცვლილებების უარყოფითი გავლენის შერბილება. რაც ტყეების გაშენებაში, ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენასა და მიწის ღრმა დამუშავების შემცირებითაა შესაძლებელი. ამის შემდეგ, აუცილებელია კახეთში ფერმერებმა დაიწყონ გარემოსადმი და კლიმატისადმი მეგობრული პრაქტიკების გამოყენება. როგორიცაა კონსერვაციული მიდგომები: ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება, მულჩირება, თესლბრუნვა, გვალვაგამძლე ჯიშებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამოყენება, საძოვრების გადაძოვების აღკვეთა, სეტყვისგან დამცავი ბადეების გამოყენება, კულტურებისა და ჯიშების დივერსიფიცირება, რომ სხვადასხვა დროს იყოს შესაძლებელი მოსავლის აღება. 

არსებობს თუ არა საფრთხე, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით?

საქართველო გარკვეულწილად სასურსათო პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული, მაგრამ ადგილზეც იწარმოება მრავალი სახეობის მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. კლიმატის ცვლილებები გამოიწვევს სიღარიბის ზრდას, მოსახლეობის ქალაქად მიგრაციას და სოფლის მეურნეობაში უფრო ცოტა ადამიანის დარჩენას. ეს კი პროდუქტებზე ფასების ზრდის წინაპირობაა. კახეთის რეგიონი არის წამყვანი ისეთი პროდუქტების წარმოებაში როგორიცაა ყურძენი, ატამი, მარცვლეული, საზამთრო და ნესვი. მოკლევადიან პერიოდში კლიმატის ცვლილებების გამო სურსათის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ფასების მუდმივი მატება გარდაუვალია. ხოლო, გრძელვადიან პერიოდში სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია სარწყავი სისტემების მოწყობა, რათა შესაძლებელი გახდეს ხორბლისა და სხვა სახის მარცვლეულის/ბოსტნეულის წარმოება.

რა კეთდება მსოფლიოსა და საქართველოში?

მსოფლიოში კლიმატის ცვლილებები პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ამის კარგი მაგალითია მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), რომელიც გზამკვლევის როლს ასრულებს სახელმწიფოებისთვის. გარდა ამისა, არსებობს გლობალური შეთანხმებები, მათ შორის სულ ბოლოს წინა კვირების განმავლობაში გლაზგოს კლიმატის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერების ნაწილი შეთანხმდა ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე, რაც სათბური აირების 40%-ზეა პასუხისმგებელი. ასევე, მაგალითად, ევროკავშირს აქვს „მწვანე შეთანხმება“ (Green Deal), რომელიც „ფერმიდან ჩანგლამდე“ სტრატეგიის ფარგლებში ფერმერებს ეხმარება ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს და მეტიც, ხელი შეუშალონ კლიმატის ცვლილებებს ნახშირბადის ნიადაგში დაკავებით.

საქართველოც მრავალი საერთაშორისო შეთანხმების მხარეა რეგულარულად ამზადებს და აგზავნის ანგარიშებს შესაბამის საბჭოებში, დამტკიცებული აქვს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, ა.შ.

ასევე, კერძო სექტორიც აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილებების შერბილების აქტივობებში. მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მოქმედებს კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც აქტიურად მიყვებიან დასახულ მიზნებს, რათა ჩვენმა წევრებმა მდგრადად და გარემოზე მინიმალური გავლენით ხელი შეუწყონ პროდუქტიულობის ზრდას.