„რაჭაში 700-800 ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით“, – ამის შესახებ კომერსანტს ღვინის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში რთველი დღეს დაიწყო, თუმცა ადგილზე ქარხნის არარსებობის გამო, ყურძენს კახეთის რეგიონში ჩაიტანენ და იქ გადაამუშავებენ.
„რაჭაში რთველის საკოორდინაციო შტაბი დღეს გაიხსნა და ყურძნის კრეფაც დაიწყო. ამ დროისთვის ადგილზე 12 კომპანიაა ჩასული. ექვსი მიმღები პუნქტია გახსნილი, სადაც დაკრეფილი ყურძენი მიაქვთ. როგორც ცნობილია, რაჭაში 2019 წლიდან ადგილობრივი კომპანიების გარდა, სხვა კომპანიები ყურძნის გამოტანას ვერ შეძლებენ და ადგილზე გადაამუშავებენ. წელს კი რთველი ისევ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რადგანაც ადგილზე ქარხანა ჯერ არ არის, კომპანიებს ყურძენი კახეთის რეგიონში გადასამუშავებლად მიაქვთ“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
რაც შეეხება სუბსიდიას, მათი ინფორმაციით, დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის” ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1 კილოგრამზე სუბსიდია 2 ლარი გაიცემა.
„წელს რაჭაში ყურძნის მოსავალი არც თუ ისე ბევრია, შესაბამისად, რთველი დიდხანს არ გაგრძელდება. ასევე, გარემო პირობებზე ვართ დამოკიდებული და მზიანი ამინდის შემთხვევაში, რთველი მალე დასრულდება. ჯერ პირველი დღეა. შემდგომ დღეებში კომპანიების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. ჩვენი პროგნოზით, წლევანდელ რთველზე 700-800 ტონამდე ყურძნის მოსავალს მივიღებთ“,- განგვიცხადეს ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.
წყარო:commersant.ge