პროექტი „შრომის უფლებები და უსაფრთხოება ფერმერებისთვის და დასაქმებულთათვის“ 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ “უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE). ჩვენი მიზანი იყო, ფერმერებსა და ფერმერეულ მეურნეობებში დასაქმებულ ადამინებისთვის აგვემაღლებინა ცნობიერება ისევე როგორც შრომითი უფლებების, ასევე სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ განაახლა და შეიმუშავა ტრენინგ მოდულები, ასევე სტანდარტული დოკუმენტაცია რომელიც ფერმერებს დაეხმარება რომ თანხვედრაში მოვიდნენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, მაგალითად, სეზონურად დასაქმებულებისთვის შემუშავებულ იქნა ჯენერიკული ერთგვერდიანი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები. ჩატარდა 3 ონლაინ ტრენინგი, რომლებსაც ორმოცზე მეტი ფერმერი დაესწრო სოფლის მეურნეობის ფაქტიურად ყველა სექტორიდან. პროექტის ფარგლებში გადააღებული იქნა სამი ვიდეო, რომელთაგან ერთი ეხებოდა შრომით კანონმდებლობასა და უფლებებს, მეორე მემეცენარეობის სექტორს, ხოლო მესამე მეცხოველეობის სექტორს. დაიბეჭდა ბუკლეტი, რომლისთვისაც სპეციალურად მოხდა შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა სიტუაციის მოდელირება და შესაბამისი სურათების გადაღება სწორი და არასწორი მაგალითებით. ყველა სასწავლო მასალა და ვიდეო განთავსდა ასოციაციის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის.
ტრენინგზე დამსწრე ფერმერებმა და კომპანიების წარმომადგენლებმა განახორციელეს კონკრეტული ქმედებები, რითიც გაუმჯობესდა მათი და მათთან დასაქმებულების შრომითი უფლებები, სამუშაო პირობები და უსაფრთხოება:
- 18%-მა განახორციელა რისკების შეფასების პროცედურა საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
- 18%-მა შეიძინა დაცვის პერსონალური საშუალებები/ეკიპირება, როგორიცაა რესპირატორი, ქიმიურად დამცავი კომბინიზონი, სათვალე, ხელთათმანები, რეზინის ჩექმები, ა.შ.;
- 27%-მა თანამშრომლებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟები და ტრენინგები პროექტის ფაგლებში მომზადებული სასწავლო მასალების გამოყენებით;
- 45%-მა გამოიყენა ხელშეკრულება/მიღება-ჩაბარება/სამუშაო დროის აღიცხვის ფორმები.
საბოლოო ჯამში, პროექტი წარმატებით განხორციელდა და ასოციაცია აგრძელებს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას ამ და სხვა აქტუალური საკითხების გარშემო.
გადმოიწერეთ დოკუმენტები:
GFA პრაქტიკული სახელმძღვანელო ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთათვის