ახალი კანონპროექტის მიხედვით, მიწების უცხოელებზე გასხვისება გამონაკლისების გარეშე აიკრძალება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ორგანული კანონის პროექტი უკვე მზად არის.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. დანელიას განმარტებით, დოკუმენტი უცხოელებს მხოლოდ გრძელვადიან იჯარას სთავაზობს. იგი მიიჩნევს, რომ არც შემუშავებული რეგლაციები და არც საკონსტიტუციო ჩანაწერი მიწებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელს არ შეუშლის, როგორც ამას ინვესტორთა საბჭოში ფიქრობენ.
“საკონსტიტუციო ჩანაწერი ხელს ვერ შეუშლის. ინვესტორთა საბჭოსთან ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ამისთვის გახსნილია დიალოგი, რადგან არსებობს ხელმისაწვდომობა. ჩვენ რა გვინდა, რომ პრივატიზება გააკეთონ მიწის, თუ ხელმისაწვდომი იყოს? მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დამუშავდეს მიწები, ინვესტიციები მოვიზიდოთ და ხელმისაწვდომი იყოს. ამისთვის იჯარის ფორმაც არსებობს, ასევე არსებობს უცხოური თანამონაწილეობით იურიდიული პირებისთვის მინორიტარული პირობით, 49%-მდე თანამონაწილეობა ერთ სუბიექტში. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ სერიოზული ინვესტორია, მას არავითარ შემთხვევაში პრობლემა არ შეექმნება”, – განაცხადა დანელიამ და დასძინა, რომ არსებული კანონპროექტი გამონაკლისებს არ ითვალისწინებს.
კითხვაზე, დათანხმდა თუ არა კანონპროექტის შინაარსს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას კონსტიტუციის ძალით არ ემხრობოდა, დანელია პასუხობს, რომ სახელისუფლებო გუნდის უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
„დეპუტატების სრული უმრავლესობა, ისევე როგორც მინისტრების, ვერ იქნება ყველა ერთ აზრზე. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ეკონომიკის მინისტრს უნდა ეკონომიკის განვითარება და ამიტომ ცდილობს, რომ მაქსიმალურად ამის შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა თავად გააკეთა ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება, განმარტება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ამომწურავი იყო ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ. მე მესმის, რომ შეიძლება ვიღაცისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პარამეტრი იყოს, მაგრამ ჩვენ რისკებს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა დანელიამ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მომზადებული კანონპროექტი სამუშაო ვერსიაა და შესაძლებელია, საკომიტეტო მოსმენებზე გარკვეული კორექტივები შევიდეს.
“გუნდში არის კონსესუსი, მაგრამ გვინდა, რომ ყველა ჩაერთოს – არასამთავრობო ორგანიზაციები, სავაჭრო პალატები, სხვადასხვა ქვეყნების საინვესტიციო წარმომადგენლობები”, – აღნიშნა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ მთავრობას წარუდგნა.
საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
„ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული“, – აღნიშნავს საბჭო.
წყარო:bm.ge