მესაქონლეობის სექტორის ორგანული ნარჩენების მართვა
მესაქონლეობის სექტორი საკმაოდ სწრაფად მზარდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად, ამ სფეროსთან დაკავშირებული ნარჩენები, განსაკუთრებით კი ნაკელი, სერიოზულ გავლენას ახდენს წყლის ხარისხსა და გარემოზე (FAO, 2006). ზოონოზური პათოგენები და პესტიციდების ნარჩენები, ამ სექტორის მიერ წარმოქმნილი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია (WHO, 2012; NORMAN, 2016). ბოლო 20 წლის მანძილზე, სოფლის მეურნეობაში დამაბინძურებლებს შორის ვეტერინარული მედიკამენტების სახით გაჩნდა ახალი კლასი, რომლებიც ფერმებიდან წყლის გავლით გადადიან ეკოსისტემაში, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოს გლობალური პრობლების – ბაქტერიების ანტიბიოტიკური რეზისტენტობის ჩამოყალიბებაში.
გარემოსთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მესაქონლეობის ფერმებში დაგროვილი შარდისა და ნაკელის მასები. მესაქონლეობის წარმოების სისტემებიდან ნაკელის, შარდის, დაბინძურებული წყლის პირდაპირი გადაღვრა და გარემოში განთავსება იწვევს ზემოთაღნიშნული ფაქტორებით წყლებისა და ნიადაგის დაბინძურებას.
უნდა აღინიშნოს, რომ გარემოში მოხვედრილი ფეკალური მასები შეიცავს დიდი რაოდენობით ზოონოზურ მიკროორგანიზმებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საფრთხის შემცველია. ხშირია ფეკალურ მასებში Campylobacter spp., Escherichia coli O157:H7, Salmonella spp. და Clostridium botulinum, ასევე პროტოზოული ორგანიზმები: Giardia lamblia, Cryptosporidium parvum და Microsporidia spp.. გარემოში ფეკალური მასების უკონტროლო მართვა იწვევს როგორც ნიადაგის დაბინძურებას, ასევე წყლის დაბინძურებას, რაც ათასობით სხვა ცხოველისა და ადამიანის დაავადების გამომწვევი მიზეზია. იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები იქნას თავიდან არიდებული აუცილებელია მესაქონლეობის ფერმაში სწორად ხდებოდეს ნაკელისა და ნარჩენების მართვა.
რა უნდა ვიცოდეთ ნაკელის სწორად მართვისას :
ნაკელის მართვა გულისხმობს ცხოველის ნაკელის შეგროვება-შეკრებას, შენახვას, დამუშავებასა და გამოყენებას გარემოსადმი მდგრადი მიდგომების გამოყენებით. შეგროვებული ნაკელის სასოფლო-სამეურნეო მიწებში შეტანა ისე უნდა მოხდეს, რომ ერთი მხრივ ნიადაგი გამდიდრდეს საკვები ნივთიერებებით, მაგრამ ამავე დროს არ გამოიწვიოს წყლის დაბინძურება და საკვები ნივთიერებების ზედმეტად დიდი დოზების კონცენტრაცია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს 2010 წელთან შედარებით ცხოველების რაოდენობა სულ რაღაც 12%-ით ნაკლებია, თუმცა ფერმერების მიერ ორგანული სასუქის გამოყენება 54%-ით, ანუ ნახევარზე მეტითაა შემცირებული (GeoStat, 2022). საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით კი, სოფლის მეურნეობაზე მოდის სათბური აირების გაფრქვევის 19%, საიდანაც 85% პირდაპირ მეცხოველეობის სექტორზე, ხოლო 41% უშუალოდ ნაკელის არასწორად მართვის შედეგია.
აქვე უნდა აღინოშნოს, რომ წყალში ჩაღვრილმა ჭარბმა ორგანულმა საკვებმა ნივთიერებებმა (განსაკუთრებით ფოსფორი და აზოტი) შეუძლია ხელი შეუწყოს არასასურველი წყალმცენარეებისა და სარეველების ზრდას, შესაძლოა გაიზარდოს ტოქსიკური ლურჯი-მწვანე წყალმცენარეები, რასაც მავნე ზემოქმედება აქვს წყლის ეკოსისტემაზე. წყალში მოხვედრილი ორგანული მასალის დაჟანგვა კი ამცირებს წყალში ჟანგბადის შემცველობას, რაც იწვევს თევზისა და წყლის სხვა ბინადრების სიკვდილს.
როგორ შევამციროთ მესაქონლეობის სექტორით გამოწვეული წყლის დაბინძურება:
- საქონელი იყოს შემოღობილ გარემოში, რათა საქონელს სანაპირო ზოლებთან და ზედაპირულ წყლებთან არ ჰქონდეს თავისუფალი წვდომა;
- ფერმაში მოწყობილი უნდა იყოს შემგროვებელი ლაგუნები (ნაკელის ორმო) დაბინძურებული წყლის, შარდისა, ნაკელისა და ნარჩენების შესაგროვებლად.
რა სარგებელის მოტანა შეუძლია ნაკელის სწორად მართვას
ნაკელის სწორად მართვამ და ორგანულ სასუქად გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს ნიადაგის ნაყოფიერება, გაზარდოს ნიადაგის წყლის შეკავების უნარი და შეამციროს ქარისა და წყლისგან გამოწვეული ეროზია. ცხოველთა სადგომებში, რომლებშიც გამოიყენება ორგანული საგები/საფენი მასა, რომელიც ძირითადად საკვებისგან და სხვა ორგანული ნარჩენებისგან (როგორიცაა მაგალთად სიმინდისა და ხორბლის ნამჯა, ბალახი) შედგება, ერევა ნაკელისა და შარდს.
აღნიშნული მასა შეიძლება იმართოს ორი გზით: პირველი, სპეციალური კომერციული საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავს სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ხელს უწყობს ამ ბიომასის დეკომპოზიციას( როგორც წესი, ეს საშუალებები შეიცავს უსაფრთხო ბაქტერიებსა და სოკოებს, რომლებიც უსაფრთხოა გარემოსთვის). ხოლო, მეორე გზა არის ნაკელისა და საფენი ბიომასის კომპოსტირება სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, რომლებიც გამორიცხავს გარემოს დაბინძურებას.