ავტორები: ილია კუნჭულია და რატი (ირაკლი) კოჭლამაზაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
COVID-19 მსოფლიო პანდემია ჯერ კიდევ სწრაფად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე უდიდეს უარყოფით გავლენას წარმოადგენს სურსათის მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის. სასურსათო კრიზისის რისკები სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით, ღარიბი და მოწყვლადი ქვეყნებისათვის. საზღვრების ჩაკეტვა, კარანტინები, დახურული ბაზრები და ზოგადად, ვაჭრობის შეფერხება განსაკუთრებით ვირუსისგან მძიმედ დაზარალებულ და სასურსათო უსაფრთხოების არმქონე ქვეყნებზე აისახება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მთავრობების მიერ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა რათა მინიმუმამდე შემცირდეს სასურსათო უსაფრთხოების რისკი მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში.
კორონავირუსის გამო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში რესტორნების, სასტუმროების, კაფეების (HoReCa), სკოლების, სხვადასხვა დაწესებულებების, ფესტივალებისა და ღონისძებების დახურვის/გაუქმების გამო სურსათზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა და ზოგან ფერმერებს პროდუქტის განადგურება უწევთ; საზღვრების ჩაკეტვამ სეზონური მუშახელის გადაადგილება ფაქტობრივად შეაჩერა, რის გამოც ევროკავშირისა და ამერიკის ფერმები დასაქმებულების მკვეთრი დეფიციტის წინაშე დააყენა; რადგანაც ამ ყველაფრის გამო ნაკლები ფული ტრიალებს ამ სექტორში, ზოგიერთ ქვეყანაში ფერმერებს შეექმნათ ფულის დეფიციტი; ხოლო განვითარებადი ქვეყნები სურსათის მწვავე უკმარისობის რისკის საფრთხის წინაშე დადგნენ.
რას აკეთებენ სხვადასხვა სახელმწიფოები ფერმერების დასახმარებლად?
ამერიკის მთავრობამ ათობით მილიარდი დოლარის მობილიზება მოახდინა სხვადასხვა პროგრამებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროსაც ფარავს და გულისხმობს პირდაპირ ფულად დახმარებას, სესხების გაცემას, კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საპატიო გაცდენის ანაზღაურების დაბეგვრისგან განთავისუფლებას, გამარტივებული H-2A და H-2B ვიზების აღება სოფლის მეურნეობის სფეროსთვის და სხვა ზომებს.
კანადის მთავრობის პასუხი კორონას ეპიდემიით გამოწვეული კრიზისისადმი შემდეგია, ისინი ფინანსურად ეხმარებიან ინდივიდებს, ბიზნესებს და ინდუსტრიებს. პირდაპირ ფულის დარიგებით და კრედიტებზე ხელმისაწვდომობით. რაც მოიცავს ფინანსურ დახმარებას ფერმერებისთვის: პროცენტების გადახდა 6-12 თვით და დამატებითი კრედიტების შესაძლებლობა. ამისთვის გამოყვეს 5 მილიარდი კანადური დოლარი.
ავსტრალიის მთავრობამ სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები „აუცილებელი“ საჭიროების ბიზნესების სიაში შეიყვანა და მისცა მუშაობის უფლება კარანტინის პერიოდში. გარდა ამისა, სეზონური მუშახელისთვის გაამარტივა სამუშაო ვიზის გაგრძელების პროცედურები. ავსტრალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა სურსათის თვითუზრუნველყოფის მხრივ და იმპორტის წილი მხოლოდ 16%-ს შეადგენს (გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, შოკოლადი, ყავა, მაკარონი და ბრინჯი).
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელიც სურსათის ნეტო-ექსპორტიორია, ფინანსურად დაეხმარება მცირე ფერმერებს, რომლებსაც უშუალოდ ვირუსის გამო მიადგა ზიანი. ქვეყნის მთავრობამ ამისთვის დაახლოებით 62 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი გამოყო და დახმარება მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობა ინკუბატორების, საკვებისა და მედიკამენტების შეძენით, მსხვილფეხა საქონლის საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ბოსტნეულის სექტორში ფერმერების დახმარება სათესი მასალის, სასუქის, პესტიციდების შესაძენად და ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. მაგრამ დახმარებას მიიღბენ მხოლოდ ის ფერმერები, რომლებიც ამ სფეროში ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობენ და არიან რეგისტრირებული ფერმერთა რეესტრებში ან დარეგისტრირდებიან დახმარების მისაღბად. პაკეტი არ მოიცავს ინფრასტრუქტურის, მექანიზაციის ან ვალების გადახდაში დახმარებას და მხოლოდ კოვიდ-19-ის ეფექტის შერბილებას ემსახურება.
რადგან ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მუშახელის დეფიციტი წარმოადგენს, ევროპული ქვეყნები შემდეგ ღონისძიებებს მიმართავენ: სამუშაო დაკარგულებს და უნივერსიტეტების აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებს მოუწედებენ იმუშავონ ადგილობრივ ფერმებში (საფრანგეთი და გერმანია); ფერმებსა და საწარმოებში წყვეტენ არააუცილებელ ვიზიტებსა და ინსპექციებს, ასევე მუშახელის ჩამოსაყვანად ნიშნავენ ჩარტერულ რეისებს (ბრიტანეთი), რადგანაც მაგალითად გასულ წელს ბრიტანეთში ხილის 98% უცხოელი მუშების მიერ მოიკრიფა; სხვადასხვა ონლაინ პლათფორმების შექმნით ცდილობენ სოფლის მეურნეობის სფეროში ადამიანური დეფიციტი აღმოფხვრან (იტალია); მუშახელის მოსაზიდად და მიგრანტების დასასაქმებლად არბილებენ რეგულაციებს (ესპანეთი); ახანგრძლივებენ სეზონურად სამუშაო ვიზების ვადებს (პოლონეთი); ფერმერებს ეხმარებიან სესხების ნაწილობრივ გადახდაში, რათა მათ შეინარჩუნონ ფულადი სახსრები და ლიკვიდურობა (ლატვია 45.5 მილიონი ევრო).
ზოგიერთ ქვეყანაში გაჟღერდა ეროვნული მწარმოებლების დაცვის ინიციატივები, როგორიცაა სუპერმარკეტებში ადგილობრივი პროდუქტის მინიმალური ოდენობის კვოტირება (ბულგარეთი და ხორვატია); ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა სურსათისა და ცოცხალი ცხოველების იმპორტი ვირუსით განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყნებიდან და რეგიონებიდან (ხორვატია); ბოსნია-ჰერცოგოვინაში კი ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის მცირე ფერმერებს სათეს პაკეტებს სთავაზობს. ზღვის დონიდან 600 მეტრზე და უფრო მაღლა დასახლებულ მოსახლეობას გადასახადებს უკან დაუბრუნებს, დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში, საწარმოო და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართვაში, მეცხოველეობის ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი მოხმარებისთვის გადამუშავების სექტორების გაძლიერებაში. დამატებით თანხები დაიხარჯება ინდუსტრიული კულტურების მოყვანასა და ორგანული ფერმების განვითარებისათვის. ასევე, ყურადღება მიექცევა აქამდე მიტოვებული მიწების დამუშავებას სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია-ჰერცოგოვინა).
რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკომისიამ შეიმუშავა 100 მილიარდ ევროიანი სოლიდარობის ინსტრუმენტის პროექტი, რათა დაეხმაროს აგროსასურსათო სფეროში ჩართულ კომპანიებს შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ფული სესხების სახით გადაეცემა წევრ ქვეყნებს და ისინი თავად განსაზღვრავენ ყველაზე აუცილებელ და საჭირო აქტივობებს.
რაც შეეხება პოსტ საბჭოთა ქვეყნებს, 2020 წლის 12 აპრილს რუსეთის მთავრობამ და ევრაზიული კავშირის ქვეყნებმა დროებით აკრძალეს გარკვეული სასურსათო პროდუქტის ექსპორტი როგორიცაა ხახვი; ნიორი; ჭვავი; ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები; წიწიბურა; ბრინჯი; მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან; სოიო და მზესუმზირის მარცვლები. ხოლო 26 აპრილს რუსეთმა მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის ექსპორტი 1 ივლისამდე სრულიად შეწყვიტა, რადგანაც კვოტა (7 მილიონი ტონა) რომელიც 1 აპრილიდან მარცვლეულის ექსპორტზე იყო დაწესებული, სრულად ამოიწურა. ეს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგანაც რიგ პროდუქტებზე იმპორტში დიდი წილი სწორედ ევრაზიული კავშირის ქვეყნებს ეკავა.
საქართველოს მთავრობამ ამ სცენარისთვის რამდენიმე დღით ადრე „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა“ დაანონსა, რომლისთვისაც 5.2 მლნ ლარი გამოყო. მანამდე კი, ჯერ კიდევ მარტში მთავრობამ სურსათის 9 პროდუქტზე ფასის სუბსიდირება დაიწყო.
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის სოფლისა და სოფლის მეურნეობის დახმარების პაკეტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ღონისძიებების გატარება:
- შეღავათიან აგროკრედიტში (იაფი აგრო-სესხი) დაგეგმილი ცვლილებები:
ა) „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი საშუალებების თანადაფინანსების პროცენტი გაიზარდა 8%-დან 11%-მდე, ხოლო აგროლიზინგის თანადაფინანსების პროცენტი 9%-დან 12%-მდე;
ბ) „შეღავათიანი აგროკრედიტს“ დაემატა ერთწლიანი კულტურების თანადაფინანსების კომპონენტი, სადაც საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს 6 თვის განმავლობაში, სესხის ძირი თანხის დაბრუნება კი ფერმერებს შეუძლიათ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შემდეგ;
გ) სოფლის-მეურნეობის გადამუშავების კუთხით (სასურსათო მრეწველობა) ახალი ქვე-კომპონენტი დაემატა, რაც ითვალისწინებს სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას 10%-ით, 24 თვის განმავლობაში. ასევე, აგროლიზინგი სასურსათო მრეწველობის კუთხით, სესხის პროცენტის 12%-ის დაფინანსება 24 თვის განმავლობაში;
დ) მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის საბრუნავ საშუალებებზე გაცემულ სესხებზე მეორად უზრუნველყოფას მოახდენს სახელმწიფო.
- იგეგმება IFAD-ის მხარდაჭერით წელს დაწყებული მერძევეობის პროექტის გაფართოვება (არსებულ 3 რეგიონს დაემატება კიდევ 3 რეგიონი);
- „აგროდაზღვევის“ პაკეტის შეძენა ფერმერისათვის ერთწლიანის ნაცვლად გახდება 3-წლიანი;
- განახლდება „აგროწარმოების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, და დახურულ გრუნტში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობას (დაფინანსდება ტრაქტორების შეძენა, სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოწყობა);
- როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის გაუქმდება სარწყავი წყლის გადასახადი 2020 წლის განმავლობაში და ჩამოიწერა 2013-2019 წლებში დაგროვილი გადასახადები.
- დაჩქარდება მიწის რეგისტრაცია, რომელმაც მომდევნო 3 წელში 1,2 მილიონი ნაკვეთის რეგისტრაცია უნდა მოახდინოს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიდგომით;
- „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში სოფლად მცირე-გრანტების პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი გაიზრდება 30000 ლარამდე ერთ საგრანტო განაცხადზე.
ქვეყნის 2020 წლის დაკორექტირებული ბიუჯეტი, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად იქნება აღწერილი ჯერ არ გამოქვეყნებულა. მანამდე კი, მნიშვნელოვანია საგაზაფხულო სამუშაოების სწრაფად ჩატარება, რათა ქვეყნის ისედაც მოწყვლადი სასურსათო უსაფრთხოება კიდევ უფრო არ გაუარესდეს. მითუფრო, როცა კარანტინის პერიოდში ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. 23 აპრილს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თაოსნობით, 11-მა ფერმერულმა ასოციაციამ მთავრობას საერთო წერილით მიმართა და ფერმერებისა და აგრობიზნესებისათვის შეზღუდვების შერბილება მოითხოვა.