Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

აზიურმა ფაროსანამ დაფნის ექსპორტს შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას

აზიურმა ფაროსანამ დაფნის ექსპორტს შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ „კომერსანტთან“ დაფნის მწარმოებელი და გადამამუშვებელი კომპანიის ხელმძღვანელები საუბრობენ. კომპანია “აგროლენდის“ დირექტორი გიორგი ნადარაია  აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა დაფნაში იბუდებს, რაც ექსპორტის დროს პრობლემებს შექმნის და ქართულ კომპანიებს ფინანსურად დააზარალებს.

„ფაროსანა დაფნას არ ჭამს, თუმცა, ზამთარში იბუდებს და იზამთრებს. ჩვენთვის იმდენად არის ცუდი, რომ როდესაც კომპანია დაფნას გლეხებისგან იბარებს, ექსპორტის დროს თუ სხვა ქვეყანაში გაყვა, იქაური ფიტო სამსახური სერიოზულ პრობლემებს ქმნის. შეიძლება პროდუქცია უკან არ გამოაბრუნონ, თუმცა მის დამუშავებას აუცილებლად მოითხოვენ. ეს კი ჩვენნაირი კომპანიებისთვის ხარჯიანი იქნება,“ – აცხადებს ნადარაია.

მისი განცხადებით, თუ მავნებელთან დაკავშირებული პრობლემა არ მოგვარდა, შემცირდება როგორც საექსპორტო პოტენციალი, ისე საკმაოდ დიდ ზარალზე იქნება საუბარი.

შპს „ლაურუსის“ ხელმძღვანელი ივანე ჯალაღონია განმარტავს, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, აზიურმა ფაროსანამ  დაფნის ექსპორტს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მისი განცხადებით, მავნებელი არ ერჩის დაფნას, თუმცა დასაწყობების დროს მასში იბუდებს და ექსპორტზე გატანის დროს შესაძლოა, პრობლემა შექმნას.

„პროდუქციის გადატვირთვისას თითოეულ ფოთოლს ვამოწმებთ, ისე საექსპორტოდ პარტიას არ ვუშვებთ, თუმცა, დაბუდებული ფაროსანა შესაძლოა, გაყვეს დაფნას, რაც ქართველ მწარმოებლებს სავარაუდოდ, ბაზრების დაკარგვად დაუჯდეს. ეს კი სექტორს სერიოზულად დაარტყამს“ – აცხადებს ჯალაღონია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხის ინფორმაციით კი, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნიკოლოზ მესხის თქმით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა.

ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებში იწყებს გადასვლას. მისივე თქმით, ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფერმერებმა სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დროულად უნდა გაითვალისწინონ.

„არცერთ სახელმწიფოს პროექტის დონეზე ეს პრობლემა არ აუყვანია. ისინი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდნენ. ამერიკა 16  წელია ებრძვის ფაროსანას და  21 მილიარდი ზარალი ნახა. ჩვენთან დარიგდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინი, გაიცა რეკომენდაციები. ასევე ითქვა, რომ ფერმერებმა დროულად მოახდინონ მოწამლოვა როგორც გარე ისე შიდა პერიმეტრის“ – აცხადებენ სამინისტროში.

პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტია 10-14 დღე.

მნიშვნელოვანია, ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 – დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 – დღე მარცვლეულზე, 15 დღე – ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

პესტიციდების გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების წესების დაცვა. პრეპარატების გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ  ლინკზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 230 ათას ოჯახს პრეპარატები გადაეცემა. მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული. ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი), მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონი -116 000; გურია – 50 670; იმერეთი – 38 838; აჭარა – 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

სურსათის ეროვნული  სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია კომერსანტთან აცხადებს, რომ  სააგენტო მხოლოდ რეკომენდაციით შემოფარგლება და ამ შემთხვევაში დაფნის შემოწმება თავად მეწარმემ უნდა განახორციელოს. „ტვირთის ფორმირებისას ჩვენი ინსპექტორები ამოწმებენ და სერთიფიკატს გასცემენ. თუმცა, დაფნა ფიტო-სანიტარული თვალსაზრისით დაბალი რიკის პროდუქციაა. ხმელ დაფნაზე ფიტო -სანიტარიული სერთიფიკატი არც მოითხოვენა, დსთ-ს ქვეყნები არც ითხოვენ, თუმცა, შეიძლება ფაროსანა სატრანსპორტო საშუალებას გაჰყვეს. ამიტომ ჩატვირთვის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“ – აცხადებს ლიპარტია.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მეწარმეებმა ის რეკომენდაციები გაითვალსწინონ, რაც გაიცა როგორც  სურსათის ეროვნული სააგენტოს ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან6 309,7 ათასი დოლარის დაფნის ფოთოლი გავიდა ექსპორტზე. 2016 წელს ჯი ჯამში ექსპორტზე 7 591,3 ათასი დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი გავიდა.

წყარო:commersant.ge